Uncategorized

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის განცხადება

საქარველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის მიმართვა ქრისტიანულ ეკლესიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტებს

   ჩვენ მოგმართავთ საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის სახელით და გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ სერიოზულ პრობლემას, რომელიც ეხება ჩვენი ეკლესიის შენობის თავისუფალ ფუნქციონირებას რუსთავში.

  საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია მრავალი წელია მოქმედებს საქართველოში. ჩვენი სალოცავი სახლი, რომელიც მდებარეობს რუსთავში, ვახუშტის ქუჩა №8-ზე, წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ სულიერ ცენტრს, სადაც რეგულარულად იმართება საღვთისმსახურო შეკრებები, შიდასაეკლესიო შეხვედრები, ახალგაზრდული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, აგრეთვე საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენციები.

  2024 წლის დეკემბერში რუსთავის მუნიციპალიტეტმა გაასხვისა ჩვენი შენობის მიმდებარე მიწა და ტერიტორია, მათ შორის სივრცე, რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენდა სალოცავ სახლთან მისასვლელ მთავარ გზას და საერთო ეზოს. აღნიშნული ქონება კერძო პირს გადაეცა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით.

  ამ გადაწყვეტილების შედეგად ახალმა მესაკუთრემ შემოღობა სამშენებლო ტერიტორია, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა სალოცავ სახლთან წვდომა. ამჟამად პრაქტიკულად შეუძლებელია  შენობასთან ავტომობილით მისვლა. სალოცავი სახლის უშუალო სიახლოვეს მიმდინარეობს სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოები, რომლებიც იწვევს ხმაურს, მტვერს, ანტისანიტარულ პირობებს და უსაფრთხოების საფრთხეს. შედეგად, ეკლესიას 2026 წელს მოუწია რამდენიმე დაგეგმილი საეკლესიო, ახალგაზრდული და საერთაშორისო ღონისძიების გაუქმება.

  ჩვენ არ ვუპირისპირდებით ურბანულ განვითარებას ან მშენებლობას. ჩვენი შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ განვითარება არ უნდა ხდებოდეს რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვის, სამლოცველო სახლზე წვდომის შეზღუდვის ან მრევლის უსაფრთხოების ხარჯზე. ეკლესიას უნდა ჰქონდეს რეალური, უსაფრთხო წვდომა თავის სალოცავ სახლთან და ღვთისმსახურების თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა.   საკითხის მოგვარების მიზნით ჩვენ მივმართეთ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტს, მათ შორის რუსთავის მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, საქართველოს პრეზიდენტს და სახალხო დამცველს. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოიძებნა პრობლემის გადაწყვეტის გზა, უფრო მეტიც სამითვის განმავლობაში არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურიდან პასუხიც კი არ მიგვიღია.

  ჩვენთვის არსებული მდგომარეობა მხოლოდ ქონებრივი ან ინფრასტრუქტურული საკითხი არ არის. ეს პრაქტიკულად ნიშნავს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვას. სამლოცველო სახლზე უსაფრთხო და თავისუფალი წვდომის შეზღუდვა პირდაპირ აზიანებს მრევლის შეკრების, ლოცვისა და საეკლესიო ცხოვრების წარმართვის უფლებას.

  ამდენად, გთხოვთ, გამოიჩინოთ ინტერესი ამ საკითხის მიმართ, გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის მიმართ და, თქვენი მანდატის ფარგლებში, მოუწოდოთ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, უზრუნველყონ სალოცავ სახლთან უსაფრთხო და შეუფერხებელი წვდომა, ეკლესიის თავისუფალი ფუნქციონირება და ნებისმიერი შესაძლო კონფლიქტის თავიდან აცილება.

უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის,  უფალმა დაგლოცოთ!

უფალმა დალოცოს სრულიად საქართველო!

პატივისცემით, სსიპ საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის უფროსი პასტორი

გიორგი ჩიტაძე

სსიპ საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი ქ. გორში, უფროსი პასტორის

დამხმარე შმაგი ჭანკვეტაძე