სამოძღვრო საფუძველი

საქართველოს ევანგელური ალიანსის „სამოძღვრო საფუძველი“
ჩვენ გვწამს, რომ…
1. საღვთო წერილი – ბიბლია არის ღვთის დასრულებული სიტყვა და შედგება ძველი და ახალი აღთქმისგან. მთელი წერილი ღვთივსულიერია და ის არის საბოლოო ავტორიტეტი რწმენისა და ქცევის საკითხებში.
2. არის მხოლოდ ერთი, წმიდა, განუყოფელი, ერთარსი, სამპიროვანი ღმერთი – სამება: მამა, ძე და სულიწმიდა.
3. ღმერთმა შექმნა ადამიანი კაცად და ქალად, როგორც თავისი ხატი. ადამიანი შექმნისას იყო მართალი და უცოდველი, მაგრამ ურჩობის გამო დაეცა, დაკარგა სიმართლე და გახდა ცოდვილი, რის გამოც მას სჭირდება ხსნა.
4. ღმერთმა განიზრახა ადამიანის გადარჩენა. წმიდა სამების მეორე პირი, ძე ღვთისა – იესო ქრისტე, ჩასახული სულისაგან წმიდისა იშვა მარიამ ქალწულისგან, როგორც ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი, ოღონდ ცოდვის გარეშე. ის გახდა ქვეყნიერების მხსნელი, ჯვარს ეცვა ადამიანთა ცოდვებისთვის, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს, ზეცად ამაღლდა, დაბრძანდა მამის მარჯვნივ და კვლავ მოვა.
5. ადამიანი გადარჩება მადლით, ქრისტეს გამო, რწმენის მეშვეობით, საქმეებისგან დამოუკიდებლად.
6. ნათლობა არის ახალი აღთქმის მცნება დადგენილი იესო ქრისტეს მიერ.
7. ზიარება არის ახალი აღთქმის მცნება დადგენილი იესო ქრისტეს მიერ.
8. სულიწმიდა არის წმიდა სამების მესამე პირი, რომელიც ცვლის ადამიანის გულს, ანახლებს მის ცხოვრებას და წარმოშობს მასში კეთილ საქმეებს ღვთის სადიდებლად.
9. ქრისტემ შექმნა ეკლესია, რომელიც არის მისი სხეული და შედგება ყველა ჭეშმარიტი მორწმუნისგან, განურჩევლად ერისა, სქესისა, კულტურული და სოციალური კუთვნილებისა. ეკლესიის თავი არის მხოლოდ იესო ქრისტე და მორწმუნეთა საყოველთაო მღვდლობა განმტკიცებულია ახალ აღთქმაში.
10. ეკლესიის მისია და უდიდესი პასუხისმგებლობა არის მახარებლობა. იესო ქრისტემ დაავალა ეკლესიას სახარების ქადაგება ყოველი ქმნილებისთვის.